საქართველოში სტუდენტთა რაოდენობა 10,2%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები.
უწყების ცნობით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ თბილისშია – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.3 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.4%-ით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1%, ხოლო კერძოში – 40.9%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2% ქალია, ხოლო 48.8% – კაცი.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1%-ით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.1% არის ქალი, ხოლო 39.9% – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ კი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.2 ათასი პროფესორ მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9 პროცენტით მეტია.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წელს, უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 6.4 პროცენტით გაიზარდა და 930 პირი შეადგინა. დოქტორანტების რიცხოვნობა 1.9 პროცენტითაა შემცირებული და 3 569-ს შეადგენს.
წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 3.0 პროცენტით შემცირდა და 521 პირი შეადგინა.