PMCG-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ერთი წლის განმავლობაში ყველა ტიპის სასტუმრო გაძვირებულია. განსაკუთრებით მომატებულია საოჯახო ტიპის სასტუმროებში განთავსების ფასი.
2023 წლის აპრილში, 2022 წლის აპრილთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით გაიზარდა.
2023 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 247 ლარი გახდა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 373 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 548 ლარია, თბილისში – 452 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 354, ხოლო გურიაში – 328 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროებში საშუალო ფასი აპრილში 115 ლარი იყო.
როგორც კვლევამ აჩვენა, მარტში საოჯახო სასტუმროების ფასი უფრო მაღალი იყო და აპრილში კორექტირება განიცადა. კერძოდ, ამ ტიპის სასტუმროებში ფასები საშუალოდ 20.5%-ით შემცირდა.
ამან განაპირობა ის, რომ მთლიანობაში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის აპრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, 0.2%-ით შემცირებულია. ხოლო 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი აპრილის თვეშიც 1.5%-ით გაიზარდა.