ქვეყანაში არსებული სასაკლაოების რიცხვი შემცირდა, ხოლო მომსახურების საფასური გაიზარდა.
ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 7 სასაკლაო დაიხურა, უმეტესად ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და 2024 წლის III კვარტლის ბოლოს საქართველოში სულ 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
სასაკლაოების 17.2% მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.2%– შიდა ქართლში, 15.5%– იმერეთში, 14.7% ქვემო ქართლში, 9.5%– სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.5% მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 16.4%– სხვა რეგიონებშია განთავსებული.
სასაკლაოების რიცხვის შემცირების პარალელურად, გაძვირდა მათი მომსახურება. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 6,5%-ით არის მომატებული. ყველაზე მეტად, 10,2%-ით გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური და 37.6 ლარი შეადგინა, ღორის დაკვლის საფასური – 31 ლარია, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.1 ლარი გახდა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა
144.2 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 28.1% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 55.6% – ღორი, ხოლო 15.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ
მოიცავს ფრინველს) 0.8%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 009.8 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2024 წლის III კვარტალში 16.8 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.1% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 34.3% –ღორის ხორცზე, 2.2% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 8.4 ათას პირს, საიდანაც 57% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 030 კაცი შეადგინა.