საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების გავლენით, ოქრო საქართველოშიც გაძვირდა.
ძვირფასი ლითონის ფასი ბოლო ერთი კვირაა იზრდება. ოქროს ბირჟაზე გრამი 585 სინჯის ოქროს ფასმა მიმდინარე კვირაში საშუალოდ 3-4 ლარით მოიმატა და ე.წ. „ჯართის” ფასი ამჟამად 93-94 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო ნაკეთობის ფასი შედარებით მაღალია.
ძვირფასი ლითონებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე გაძვირების ტენდენცია ადგილობრივ ფასებზეც მოქმედებს. ისინი ელოდებიან, რომ ფასების ზრდა გაგრძელდება.
როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ გულიკო მორჩილაძემ BRG-ის უთხრა, ფასები სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ მოიმატებს, რადგან უცხოეთიდან იმპორტირებული საიუველირო ნაწარმი უკვე გაზრდილი ფასით შემოდის.
ოქროს ფასი საერთაშორისო ბირჟაზე ამ კვირაში 1.3%-ით გაიზარდა. უნცია ოქრო $2035-მდე გაძვირდა, ხოლო ოქროს ფიუჩერსების ფასი $2052-ს გადასცდა.
ოქროს გაძვირებას ინფლაციის ზრდა და ეკონომიკური გაურკვევლობა იწვევს. ძვირფასი ლითონის ფასს დამატებითი ბიძგი მისცა მოლოდინმა, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს აღარ გაზრდის.
ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ოქრომ შეიძლება, თავის ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწიოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მოიმატებს თუ არა საცალო გაყიდვები და რამდენად გაიზრდება ინფლაცია.
უნცია ვერცხლის ფასი $26-ია.