უკრაინის კიბერპოლიციამ გამოავლინა საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფი, რომლის წევრებმაც ევროკავშირის მოქალაქეებს ასობით ათასი ევრო თაღლითურად გამოსძალეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ დღეს, 7 ნოემბერს გაავრცელა.
პოლიციის ცნობით, 2019 წლიდან მოყოლებული, თაღლითებმა შექმნეს 100-ზე მეტი ვებრესურსი, რომლებზეც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტიციიდან მოგების მიღებას ჰპირდებოდნენ.
მათი მსხვერპლი ძირითადად შვეიცარიისა და გერმანიის მოქალაქეები გახდნენ.
თაღლითებმა უკრაინასა და საქართველოში შექმნეს ქოლ-ცენტრები, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობდა. უცხო ენების მცოდნე ოპერატორები მოქალაქეებს მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებაში არწმუნებდნენ.
თაღლითებმა ასევე მოიპოვეს დისტანციური წვდომა მსხვერპლთა კომპიუტერებზე და მათი დანაზოგი კონტროლირებად ანგარიშებზე გადარიცხეს.
უკრაინელმა სამართალდამცავებმა, შვეიცარიის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთობლივი გამოძიების ფარგლებში, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე მასიური ჩხრეკა ჩაატარეს.
ამასთან, ევროკავშირის 20-ზე მეტ ქვეყანაში დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორების ქონება გაიყინა.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მიყენებული ზარალის საბოლოო ოდენობისა და ბრალდებულთა სხვა თანამზრახველების იდენტიფიცირების მიზნით.