სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ჩაატარა ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
კვლევა 2022 წლის ივლის-სექტემბერში ჩატარდა 1279 რესპონდენტთან, რომლებმაც მკვლევრებს მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარ ოჯახში მცხოვრები ბავშვების (სულ 2438 ბავშვის) შესახებ.
კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობის მიერ ბავშვის ფულადი დახმარების გაზრდის მიუხედავად, ბავშვების დიდი ნაწილი ვერ იღებს დახმარებებს, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ მათი ოჯახები არ აკმაყოფილებენ დახმარების პროგრამის კრიტერიუმებს.
კვლევამ დაადგინა:
- სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% არ დადის საბავშვო ბაღში. მათგან, ბავშვების 22% არ დადის მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6% ვერ დადის ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.
- 2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% დადიოდა სკოლაში, უნივერსიტეში ან/და იღებდა პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2%-მდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.
- კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, ისარგებლოს აღნიშნული სერვისით. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87%-ში.
- ბავშვების 45%-ისთვის ხელმიუწვდომელია ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც სურთ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ, არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29%), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები.
- მშობლების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით.
- სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45%), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%).
სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.
- ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსები იყო.
- ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ იყენებენ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს.
ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება, დაფიქსირდა ბავშვების 29%-ის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5% დაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად, მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების 1%-ზე ნაკლებს.
კვლევამ აჩვენა, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა, არ მიუწვდებოდეთ ხელი სკოლამდელ განათლებაზე, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებ ბავშვებში.
ფუნქციური სირთულეების არმქონე ბავშვებთან შედარებით, ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვებს თითქმის 4-ჯერ ნაკლები ალბათობით მიუწვდებათ ხელი საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე და, 2-ჯერ და მეტი მაღალი ალბათობით, ვერ იღებენ საჭირო მედიკამენტს.
აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ალბათობა ბიჭებში 46%-ით მაღალია.
გოგონებს, თითქმის 2.5-ჯერ მეტი ალბათობით, არ მიუწვდებათ ხელი ხელოვნების კლასგარეშე აქტივობებზე.
თუმცა, ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტში გამოვლენილი ყველაზე დიდი უთანასწორობები მატერიალური დანაკლისიდან მომდინარეობს.