საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში $3,541 მლნ-ს (1 543 ტონა) პროდუქტი შემოვიდა, ეს კი თითქმის 50%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2023 წლის ორ თვეში ქვეყანამ $7,040 მლნ-ს (2 126 ტონა) რძის ფხვნილი იყიდა. ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ წელს ქვეყანას რძის ფხვნილის იმპორტიც გაუიაფდა. თუ შარშან ერთ კილოგრამს საშუალოდ $3,3-ად ყიდულობდით, წელს ეს თანხა $2,3-მდე შემცირდა.
რაც შეეხება იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალს, ასე გამოიყურება:
- ბელარუსი- $2,499 მლნ(1 1153 ტონა);
- ნიდერლანდები – $475,4 ათასი (174 ტონა);
- რუსეთი- $162,8 ათასი(79 ტონა).
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რძის ფხვნილის იმპორტით პირველ ადგილზე იყო ნიდერლანდები – $2,131 მლნ-ს ღირებულებით (550 ტონა); მას მოსდევდა ირანი – $1,921 მლნ ღირებულებით (703,9 ტონა) და სამეულში იყო ბელარუსი – $865,8 ათასით (220 ტონა).
ირანიდან კი წელს მხოლოდ $61,6 ათასის ღირებულების 23 ტონა რძის ფხვნილი შემოვიდა.
როგორც ცნობილია, საქართველოში ბოლო წლებში მწვავე პრობლემად იქცა ფხვნილის გამოყენებით ყველის და სხვა პროდუქტების წარმოება. გასულ წლებში მკვეთრად მოიმატა დაბალი ხარისხის ფხვნილის იმპორტმა.
„სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებულმა ყველის ნიმუშების შემოწმებამ აჩვენა, რომ გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის 90%-ზე მეტს, ეტიკეტი საერთოდ არ აქვს. ასევე აღმოჩნდა, რომ შემოწმების დროს აღებული ნიმუშების 25% მცენარეული ცხიმის გამოყენებითაა დამზადებული, რაც ფალსიფიკაციის დიდ მასშტაბზე მიუთითებს.