ხელმძღვანელი კიდევ ერთ სახელმწიფო საწარმოში შეიცვალა. “საქართველოს რკინიგზას” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა ლაშა აბაშიძემ. შესაბამისი ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 7 მაისს აისახა.
ლაშა აბაშიძე თბილისის ვიცე-მერი იყო დავით ნარმანიას მერობის პერიოდში. მანამდე, 2013-14 წლებში კი ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
დავით ფერაძე რკინიგზას 2017 წლის 22 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ის ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა და ფონდის მიერ დაარსებული „მტკვარი ჰესის“ დირექტორი იყო.
როგორც ცნობილია, „მტკვარი ჰესი” ფიგურირებს გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მისი კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. ბიტკოინების გარდა, პროკურატურას ბაჩიაშვილისთვის ბრალი აქვს წაყენებული „მტკვარი ჰესის” მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების გამო. ბაჩიაშვილმა მისი სასამართლო პროცესის წინ, ქვეყანა ფარულად 2 მარტს დატოვა.
უცნობია, უკავშირდება თუ არა „მტკვარი ჰესის“ საქმეს დავით ფერაძის შეცვლა. ფერაძე „მტკვარი ჰესის“ გენერალური დირექტორი სწორედ 2014 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე იყო, როცა პროკურატურის ბრალდების თანახმად, „მტკვარი ჰესიდან“ მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები დაიკარგა.
ბრალდების თანახმად, 2014 წელს „მტკვარი ჰესის“ მშენებლობისთვის $131 მილიონი გამოიყო, ბიუჯეტი $235 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა, მშენებლობა არ დაუსრულებიათ.
„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭომ, შემადგენლობით, კონსტანტინე გუნცაძე (თავმჯდომარე), გიორგი კაკაურიძე (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე), გიორგი მუსხელიშვილი, ვასილ ვაშაკიძე, დავით სამხარაშვილი, ფერაძის გაშვებისა და აბაშიძის დანიშვნის საკითხი 6 მაისს განიხილა.