ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით $24.6 მლრდ(69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 80%-ს აღწევს.
სებ-ის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $32.2 მლნ-ით გაიზარდა.
ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.
აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა $11 მლრდ(30.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.7%-ია.
მათ შორის:
- სამთავრობო სექტორის ვალია $8.5 მლრდ (23.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.8%),
- ეროვნული ბანკის ვალდებულებები – $835.9 მლნ (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.6%);
- სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, $441.5 მლნ (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.4%) და $1.2 მლრდ(3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.9%).
- საბანკო სექტორის საგარეო ვალი- $7.6 მლრდ (21.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24%), სხვა სექტორების საგარეო ვალი – $4.7 მლრდ (13.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.9%) და კომპანიათაშორისო ვალი – $3 მლრდ (8.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 9.5%). მთლიანი საგარეო ვალის 88.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, $12.5 მლრდ (35 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 39.5%-ია.
აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი $6.4 მლრდ(17.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.2%-ია. ამასთან, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი $25.4 მლნ-ით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებებმა გამოიწვია ვალის $5.6 მლნ-ით, ხოლო ოპერაციულმა ცვლილებებმა კი $19.8 მლნ-ით შემცირება.