ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია პრაქტიკულად გაყინულია. მან ამ სიტუაციას გულდასაწყვეტი უწოდა.
ჰერჩინსკის თქმით, მომავალ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოხდება საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების საპასუხო ზომების საკითხის განხილვა.
“ამჟამად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ურთულესი პერიოდია. რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებაზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა”, – თქვა ევროკავშირის ელჩმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, საქართველოს საკითხზე დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება,
„დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებს განიხილავს.
ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება, ასე რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. რა თქმა უნდა, საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ, პრინციპში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა.
მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და რამდენიმე წევრმა სახელმწიფოსგან უკვე მოვისმინეთ, რომ გაწევრიანების შესახებ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებოდნენ კანონის მიღების შემთხვევაში. ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება“,- თქვა ჰერჩინსკიმ.