საქართველომ და უკრაინამ საბორნე მიმოსვლა განაახლეს.
ჩერნომორსკის პორტიდან ბორანმა ბათუმის პორტში ორი რეისი შეასრულა. ეს პირველი მიმოსვლაა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ამის შესახებ “უკრზალიზნიცია” -ს კომერციის და ლოგისტიკის დირექტორმა ტიმოფეი მურახოვსკიმ განაცხადა. ინფორმაცია Interfax-Ukraine-მა გაავრცელა.
„18 და 26 მარტს ჩორნომორსკის პორტიდან ბათუმის პორტში ორი რეისი განხორციელდა, მესამე რეისი კი მომავალ კვირას იგეგმება“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, მარტის თვეში პირველი რეისი საინფორმაციო დუმილის რეჟიმში განხორციელდა. მურახოვსკიმ ბიზნესს მოუწოდა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ სფეროში.
მან აღნიშნა, რომ პროექტი გადამზიდავი კომპანიის Ukrferry (ოდესა) და Ukrzaliznytsia UZ Cargo Poland (ვარშავა) შვილობილი კომპანიის მონაწილეობით ხორციელდება.
უკრაინასა და საქართველოს შორის საზღვაო კავშირი 2022 წლის თებერვალში შეწყდა.
UZ Cargo Poland-ის ინფორმაციით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოსთან საბორნე კავშირების აღსადგენად, რაც ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში ტვირთების გადატანის საშუალებას მისცემთ, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტით.
უფრო კონკრეტულად, ჩინური ტვირთი გადაიზიდება საკონტეინერო მატარებლებით კასპიის პორტებიდან ბაქოში, შემდეგ მისი ტრანსპორტირება მოხდება ფოთიდან ოდესის პორტში, საიდანაც ტვირთი ევროპაში გაიგზავნება.