საუდის არაბეთმა ქვეყნის უდიდეს ჯაფურას(Jafurah) საბადოზე 424 მილიარდი კუბური გაზის მარაგი აღმოაჩინა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ჯაფურას ველზე არსებული საბადო დამატებით 2 მილიარდ ბარელ კონდენსატსაც მოიცავს.
სამეფოს ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის თქმით, ახლა საბადოში არსებულმა აირის საერთო მოცულობამ 6,5 ტრილიონ კუბურ მეტრს, ხოლო კონდენსატმა 75 მილიარდ ბარელს მიაღწია.
Jafurah არის ყველაზე დიდი გაზის საბადო საუდის არაბეთში და Reuters-ის თანახმად, ის ამ დროისთვის მიჩნეულია ფიქლის გაზის განვითარების ყველაზე დიდ პროექტად აშშ-ს ფარგლებს გარეთ.
საუდის არაბეთი ამავდროულად არის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა მსოფლიოში. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები ნავთობის მოპოვების მოცულობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად მოქმედებს საწვავის გლობალურ ფასზე.