საუდის არაბეთმა გამოაცხადა, რომ ნავთობის მოპოვებას დღეში 1 მილიონი ბარელით ამცირებს, რის შემდეგაც დღიური მოპოვება 9 მილიონი ბარელი იქნება.
საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების ასეთი რეჟიმი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ქვეყანა ნავთობის მოპოვების შემცირების ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას ყოველთვიურად გადახედავს.
ნავთობის ექსპორტს შეამცირებს რუსეთიც. საექსპორტო მოცულობა წლის ბოლომდე დღეში 300 ათასი ბარელით დაიკლებს.
რუსეთის მთავრობის განმარტებით, ექსპორტის შემცირება აუცილებელია ნავთობის ბაზრებზე „სტაბილურობისა და ბალანსის შესანარჩუნებლად“.
როგორია ფასებზე გავლენა
საუდის არაბეთისა და რუსეთის განცხადებების შემდეგ, Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსები $1,44-ით გაძვირდა, ანუ დაახლოებით 1,6%-ით, $90,44-მდე ბარელზე.
გასული წლის ნოემბრის შემდეგ Brent-ის ფასმა $90-ს პირველად გადააჭარბა.
იმავდროულად, აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნედლი ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები გაიზარდა $1,85-ით, ანუ დაახლოებით 2%-ით, $87,4-მდე.