ვაშინგტონის სასამართლომ სამსახურში დროებით დაბრუნების უფლება მისცა USAID-ის დაახლოებით 2700 თანამშრომელს, რომლებიც პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა. სასამართლომ ამით შეაჩერა სააგენტოს დახურვის ზოგიერთი ასპექტი. ამის შესახებ Reuters წერს.
სასამართლოს მიერ 7 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციამ 8 თებერვალს, USAID-ის დაახლოებით 2200 თანამშრომელი ანაზღაურებადი შვებულებიდან უნდა გამოიყვანოს, ხოლო 500-მდე გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში უნდა აღადგინოს.
ვაშინგტონის რაიონულ სასამართლოს, ტრამპის გადაწყვეტილების შეჩერების თხოვნით, აშშ-ის მთავრობის თანამშრომელთა პროფკავშირმა და საგარეო სამსახურის ასოციაციამ მიმართეს.
გადაწყვეტილება მოკლევადიანია და ის ძალაში 14 თებერვლამდე იქნება. სავარაუდოდ, მოსამართლე აღნიშნულ ვადას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს შემდეგ სხდომაზე, რომელიც ოთხშაბათს, 12 თებერვალს არის დაგეგმილი.
ამავდროულად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროფკავშირის სხვა მოთხოვნები, კერძოდ, USAID-ის შენობების ხელახლა გახსნა და სააგენტოს დაფინანსების აღდგენა.
დონალდ ტრამპმა USAID კორუფციაში დაადანაშაულა და მისი მუშაობა ფაქტობრივად შეაჩერა. მედიის ცნობით, ის USAID-ის თანამშრომელთა რაოდენობის 10000-დან 290-მდე შემცირებას გეგმავს.