საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საფასური გაიზარდა. შარშან სასაკლაოებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური საშუალოდ 31 ლარი იყო, წელს კი 33.8 ლარი გახდა. გაიზარდა ღორის დაკვლის საფასურიც – 26.5 ლარიდან 28.9 ლარამდე. ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური მცირედით შემცირებულია 13.8 ლარიდან 13.2 ლარამდე.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 98.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 42.2% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო, 49.6% – ღორი, ხოლო 7.3% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8% შეადგენს.
გარდა ამისა, წელს ოთხ თვეში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 290.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დაკლული პირუტყვის ოდენობა წელს გაზრდილია. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიან ოდენობაში დაკლული ღორის წილი.
2022 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 88.6 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 41.6% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.1% – ღორი, ხოლო 7.7% ცხვარი და თხა იყო. დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 495.3 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
მომსახურება გაეწია 12.9 ათას პირს, საიდანაც 35.5% შინამეურნეობები (ოჯახური მეურნეობები) იყვნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 116 კაცი შეადგინა.