საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის – გოგა მელიქიძის თქმით, საპენსიო სქემის მონაწილეების დანაზოგების ინვესტირება რისკიან პროექტებში არ მოხდება. არამედ, დასაქმებულების თანხებს გლობალურ აქციებში დააბანდებენ.
ამის შესახებ მან დღეს, ეროვნულ ბანკში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიც არის ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი, ლუი ვიტონი. ანუ გლობალურ კომპანიებში მოხვდება მათი დანაზოგების 55%.
რადგან ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება, ვიდრე ეს იქნება საშუალორისკიანი და დაბალრისკიანი სტაბილური ან შერეული პორტფელი. ანუ უფრო მეტი რყევა იქნება, მაგრამ ის, რომ დანაზოგი დაიკარგება, ეს არის მცდარი ინფორმაცია, იმიტომ, რომ გლობალური აქციების 55% დაახლოებით 3 ათას კომპანიაზე არის გადანაწილებული”, – თქვა გოგა მელიქიძემ.
როგორც ცნობილია, ამჟამად საპენსიო სააგენტოში მობილიზებული თანხები დაბალი რისკის შემცველ აქტივებშია დაბანდებული. ესენია სახაზინო ობლიგაციები და დეპოზიტები, სადაც გოგა მელიქიძის თქმით, თანხის 45% განთავსებული.
მისი თქმით, „ამ პორტფელს არ ემუქრება ან დაკარგვა, ან ჩავარდნა, პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ”.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საპენსიო სქემის მონაწილეებმა 60 მლნ ლარის მოგება მიიღეს, რაც 52%-იანი ზრდაა და ის ინფლაციაზე 12%-ით მეტი იყო.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო პორტფელის შეცვლისთვის მოქალაქეების მხრიდან აქტივობა დაბალია. სულ ამ მიზნით სააგენტოს 5 ათასმა ადამიანმა მიმართა იმ დროს, როცა სააგენტოში 1 მლნ 400 ათასი პირის ანგარიშია გახსნილი.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტო დასაქმებულებს 6 სექტემბრამდე აძლევს ვადას, აირჩიონ, სად დააბანდებენ დაგროვილ საპენსიო თანხას – ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელში. ვინც ამ ვადაში არჩევანს ვერ გააკეთებს, საპენსიო სააგენტო დასაქმებულების თანხებს თავად გადაანაწილებს.