აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, საკუთარი დანაზოგი რომელ საინვესტიციო პორტფელში დააბანდონ – საშუალოსა თუ მაღალრისკიანში.
მათ საპენსიო სააგენტოს ამოქმედებიდან – 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში ინვესტირების საშუალება ჰქონდათ.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემის მონაწილეებს შეეძლებათ საინვესტიციო პორტფელების კომბინაცია გააკეთონ. შეიძლება ეს იყოს ერთი, ან სამი პორტფელის ერთობლიობა ან საკუთარი გადაწყვეტილებით რომელიმე პორტფელში დარჩნენ.
სააგენტო განმარტავს, რომ საპენსიო სქემის მონაწილეებს დეტალურად განუმარტავენ, რომელი საინვესტიციო პორტფელი რას მოიცავს, რა სავარაუდო რისკები ახლავს და როგორია თითოეულიდან მოგების პერსპექტივა.
ამასთანავე, თუ სქემის მონაწილე თავად არ გააკეთებს არჩევანს, ის ავტომატურად მოხვდება სხვადასხვა ჯგუფში ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით – 40 წლამდე საპენსიო სქემის მონაწილე მაღალრისკიან პორტფელში გადაინაცვლებს, 50 წლამდე მონაწილე – საშუალოვადიან რისკში, ხოლო 50 წლის ზემოთ მონაწილე დაბალრისკიან პორტფელში დარჩება.
როგორც სააგენტო განმარტავს, იმ პირებს, რომელთაც საპენსიო ასაკამდე დიდი პერიოდი აქვთ დარჩენილი, შეუძლიათ უფრო მაღალი რისკი აიღონ, რათა მეტი სარგებლის მიღების შანსი გაუჩნდეთ.
მონაწილეების გადანაწილება 6 აგვისტოს დაიწყება. მათ სასურველი პორტფელის ასარჩევად ერთი თვე ექნებათ. ასევე, მათ 12 თვეში ერთხელ პორტფელის შეცვლის შესაძლებლობაც ექნებათ.
სქემის მონაწილეს პორტფელის შესაცვლელად სამი გზა ექნება: მიმართოს საპენსიო სააგენტოს, იუსტიციის რომელიმე სახლს ან ცვლილება დააფიქსიროს ონლაინ, ვებგვერდზე, ID ბარათითა და ინდივიდუალური ხელმოწერით.