ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET– ის ეკონომისტებმა შეისწავლეს ის ცვლილებები, რომელიც საპენსიო კანონმდებლობაში შედის და მიიჩნიეს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან იმ 1,5 მილიონზე მეტ ბენეფიციარს, რომელთა საპენსიო დანაზოგები ამჟამად საპენსიო ფონდშია თავმოყრილი.
როგორც ცნობილია, პარლამენტში გრძელდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს მანდატი ფართოვდება და იზრდება ლიმიტები, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს.
რა რისკები ექმნება საპენსიო შენატანებს
მკვლევართა შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი საპენსიო ფონდის მმართველობის ცვლილებას შეეხება.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ დანიშნულ არსებულ სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს ერთიანი მმართველობითი სტრუქტურა ჩაანაცვლებს. იქმნება ახალი საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს და არა პარლამენტმა დაამტკიცოს. საბჭო განახორციელებს საპენსიო სქემის როგორც საინვესტიციო, ასევე ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ამ პირობებში ჩნდება რისკი, რომ მის წარმომადგენლებს ექნებათ დაბალი პროფესიული კვალიფიკაცია.
ISET– ის მკვლევრების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცენტრალიზაცია მენეჯმენტის გამარტივებას ემსახურება, შეამცირებს გამჭვირვალობას და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, შეზღუდავს მმართველობის სტრუქტურის დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას და გაზრდის პოლიტიკური გავლენის რისკებს.
მკვლევრებს მაგალითად მოჰყავთ საპენსიო სისტემის წარმატებული მოდელები კანადაში, შვედეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში, სადაც სისტემის ეფექტიანობა განაპირობა დაბალანსებულმა მმართველობის სტრუქტურებმა, უმაღლესი კომპეტენციის და დამოუკიდებლობის მქონე საბჭომ და დაინტერესებული მხარეების ჩართულობამ.
მათი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, ქვეყნები, როგორიცაა კანადა და შვედეთი, სადაც საპენსიო სისტემა წარმატებულია, იყენებენ მრავალფეროვან და ინკლუზიურ პროცესებს საბჭოს წევრების არჩევისას, რაც აუმჯობესებს მმართველობის ხარისხს.
მეორეც, შემოთავაზებული შესწორება გამორიცხავს კერძო აქტივების მენეჯერების ჩართულობას, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივები არ იმართება გარედან ინდივიდების არჩევანით. ეს შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს კონკურენციას საპენსიო სისტემაში და ზღუდავს საპენსიო სქემის 1,5 მილიონი მონაწილის არჩევანს.

წარმატებული მოდელები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა შვედეთი და ნიდერლანდები, ადასტურებს, რომ მონაწილეებს საშუალება აქვთ აირჩიონ სხვადასხვა აქტივების მენეჯერებს შორის უფრო მაღალი შემოსავლები და უფრო ძლიერი კაპიტალის ბაზარი. საქართველოს მიდგომა კი ამას ზღუდავს, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბაზრის განვითარება და შეამციროს სისტემის საერთო ეფექტურობა.
საქართველოში ამჟამად მოქმედი სისტემით, 2025 წლიდან მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ საპენსიო დანაზოგები აქტივების მმართველ კერძო კომპანიებში გადაეტანათ. კანონპროექტში შეტანილი ცვლილებით ისინი ამ უფლებას დაკარგავენ. დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემდეგ, ბენეფიციარები დანაზოგების მათი სურვილისამებრ გადატანას ვეღარ შეძლებენ.
რას არგუმენტები აქვს ცვლილებების ინიციატორს
ეკონომიკის სამინისტრო ცვლილებების გამართლებისთვის საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს და ამბობს, რომ აქტივების გადატანით ბენეფიციარების მცირე რაოდენობა სარგებლობს. ამასთან ამ ცვლილების გატარება მათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ურჩიეს. ასევე განმარტავს, რომ შვედეთში, სადაც აქტივების მმართველების არჩევა ნებაყოფლობითია, საპენსიო თანხების მობილობა კერძო აქტივების მმართველებს შორის მცირეა და მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ცვლილებების კანონპროექტის პარლამენტში წარდგენისას ასევე თქვა, რომ თანხების უმეტესობა დაბალრისკიან საბანკო ანგარიშებზეა და მათი მაღალრისკიან აქტივებში დაბანდება უფრო გამართლებულია.

„დაგროვილი თანხების მაღალი კონცენტრაცია არის საბანკო ანგარიშებზე. საუკეთესო პრაქტიკას კი წარმოადგენს დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელი”,– თქვა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამჟამად საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.519 მილიონს აღემატება.
საპენსიო შენატანების 99% დაბალრისკიან აქტივებშია განთავსებული, რომელთა 80% ქართულ საინვესტიციო აქტივებშია ჩადებული, 20% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ვაჭრობაში მონაწილეობს.