საკონსტიტუციო საბჭოს მიერ საპენსიო რეფორმის დამტკიცების შემდეგ დაწყებული არეულობის შედეგად საფრანგეთის დედაქალაქში ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
14 აპრილის საღამოს საპენსიო რეფორმის ათასობით მოწინააღმდეგე პარიზის ქუჩებში იყო გამოსული და ელოდებოდა საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებას.
დაახლოებით 19:00 საათზე, რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ რივოლის ქუჩაზე მსვლელობა სცადა, მაგრამ სამართალდამცავებმა ისინი შეაჩერეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა.
დემონსტრანტებმა მაღაზიის ვიტრინები ჩაამტვრიეს და ათეულობით ველოსიპედს ცეცხლი წაუკიდეს. შემდეგ აქციის მონაწილეები ბასტილიის მოედნისკენ დაიძრნენ და გზად ნაგვის ურნებს წაუკიდეს ცეცხლი.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პოლიციის ინფორმაციით, აქციის 138 მონაწილე დააკავეს. მედიის ცნობით, კი 150-მდე პირია დაპატიმრებული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, პარასკევს მათ სთხოვეს პრეზიდენტ მაკრონს, კანონისთვის ხელი არ მოეწერა, მაგრამ მან ეს ღამით გააკეთა, რაც პროვოკაციას ჰგავს.
1-ელ მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებია დაგეგმილი.
14 აპრილს საკონსტიტუციო საბჭომ განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის პროექტი არ ეწინააღმდეგება საფრანგეთის ძირითად კანონს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მაკრონმა მას ხელი მოაწერა, რაც პროექტის საბოლოო დამტკიცებას ნიშნავს.
რას ითვალისწინებს საპენსიო რეფორმა
ემანეულ მაკრონის ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება საპენსიო რეფორმა იყო. ფრანგი ამომრჩევლების გამოკითხვის მიხედვით, მათი 76% ემხრობა საპენსიო რეფორმის გატარებას, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ამ საქმეში მთავრობას არ ენდობა.
საფრანგეთში საპენსიო ასაკი ამჟამად 62 წლიდანაა. მაკრონის საპენსიო რეფორმის თანახმად, ყოველი ნამუშევარი დღისთვის მოქალაქეები მიიღებენ ქულებს, რომლებიც შემდეგ მათ პენსიის ოდენობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, მაკრონის გეგმით, ზოგიერთი სამუშაო, რომელიც მომავალში კარგ პენსიას უზრუნველყოფდა, დაკარგავს თავის მიმზიდველობას ამ საკითხში. ამასთან, ვინც პენსიაზე 64 წლამდე გავა, 5%-ით ნაკლებ პენსიას მიიღებს, ვიდრე, მაგალითად, 67 წლის ასაკში გასულები.
ამჟამად, საფრანგეთის მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ მთავრობამ საპენსიო რეფორმა უნდა გააუქმოს, რათა საბოლოოდ შეწყდეს მასშტაბური პროტესტი და გაფიცვები.