ევროკავშირი, სანქციების მე-13 პაკეტის ფარგლებში, რუსული ალუმინის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ Politico წერს.
ვინაიდან ალუმინის დნობის პროცესი დიდი ოდენობით ელექტროენერგიას მოითხოვს, სანქციები ავტომატურად ენერგეტიკის სექტორზეც გავრცელდება.
ერთ-ერთი დიპლომატი გამოცემასთან ამბობს, რომ ევროკავშირი გეგმავს ემბარგოს შემოღებას არაერთი დასახელების საქონელზე, მაგრამ მოლაპარაკებები ამ საკითხზე ადრეულ ეტაპზეა.
ამავე დროს, არაერთ საკითხზე შეთანხმების მიღწევის პრობლემა არსებობს.
ჯერ კიდევ სანქციების მიღმა რჩება რუსული ექსპორტის დიდი ნაწილი.
სანქციების წინა პაკეტები არ შეხებია ევროკავშირში ლითონის რუსული ექსპორტის დაახლოებით 85%-ს.
ატომური ენერგია და თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) ისევ რჩება შეზღუდვების მიღმა ევროკავშირის ქვეყნების ნაწილის წინააღმდეგობის გამო.
მაგალითად, რუსული Rosatom ორ ახალ რეაქტორს ამზადებს უნგრეთისთვის, ამიტომ ორბანის მთავრობა რუსეთის ატომური სექტორისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.
ევროკავშირის ქვეყნებს სურთ, რუსეთს დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნან იმ კომპონენტების შეძენაზე, რომლებსაც თავად ვერ აწარმოებს და რომელიც სჭირდება მაღალტექნოლოგიური იარაღისთვის, როგორიცაა მართვადი რაკეტები. მაგრამ ამ მიმართულებითაც წინსვლა არ არის.
სირთულეს ქმნის ის, რომ ზოგიერთი დასახელების კომპონენტი არ არის სანქცირებული, რადგან ის უვნებელია. მაგალითად, მაცივრის სათადარიგო ნაწილები, მაგრამ რუსები მათ ხსნიან და შემდეგ იარაღისთვის იყენებენ.
ევროკავშირში სურთ, სანქციების მე-13 პაკეტზე თებერვალში შეთანხმდნენ.