საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო მიმოსვლის თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სომხეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
სააგენტო ადასტურებს, რომ აღნიშნულ მარშრუტზე გადაზიდვა აპრილში პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Haci Musa Ucak-მა (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი. ამასთან სააგენტო აცხადებს, რომ ეს რეგულარული რეისი არ არის და სრულად კომერციული ხასიათისაა, რომელიც სისტემატურად ხორციელდება.
„აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Haci Musa Ucak-მა (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსიისკს და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.
იმავეს ამბობს ფინანსთა მინისტრიც. აღნიშნული საზღვაო მიმართულებით ტვირთის გადაზიდვას ლაშა ხუციშვილიც ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ მას რეგულარული ხასიათი არ აქვს და სანქციების შესახებ შეთანხმება არ დარღვეულა.
„პირველ რიგში, რეგულარული მიმოსვლის ფაქტი დაფიქსირებული არ არის და სიმართლეს არ შეესაბამება. სხვა დანარჩენი ყველა კერძო ტრანზაქცია, სანქციების ძალიან მკაცრი დაცვით და კრიტერიუმებით ხორციელდება. საზღვაო ტვირთებთან მიმართებით ორეტაპიანი კონტროლია, რომლითაც მოწმდება გემის, გემთმფლობლის და ტვირთის სანქცირება საზღვაო სააგენტოს მიერ“, –განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.