საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს გლობალური ეკონომიკის 3,1%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც 0,2%-ით არის გაზრდილი 2023 წლის ოქტომბრის შეფასებასთან შედარებით.
როგორც ფონდის ახალ მიმოხილვაშია აღნიშნული, მოლოდინის გაუმჯობესება ძირითადად აშშ-ის ეკონომიკის სტაბილურობამ და ჩინეთში მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის პოლიტიკამ განაპირობა.
რაც შეეხება 2025 წელს, სსფ მსოფლიო ეკონომიკის 3,2%-ით ზრდას ვარაუდობს.
ინფლაციის პროგნოზი
სსფ-ის შეფასებით, ინფლაცია, მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში, უფრო სწრაფად ეცემა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მიწოდების პრობლემებისა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე.
ფონდი 2024 წელს გლობალურად 5,8%-იან ინფლაციას ელოდება, ხოლო 2025 წელს მის 4,4%-მდე კლებას ვარაუდობს.
„გეოპოლიტიკური შოკების, მათ შორის, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გაგრძელებამ, მიწოდების შეფერხებამ ან უფრო მუდმივმა ფონურმა ინფლაციამ, შეიძლება გაახანგრძლივოს მკაცრი მონეტარული პირობები. ამასთანავე, ჩინეთში უძრავი ქონების სექტორის პრობლემების გაღრმავებამ ან სხვაგან, გადასახადების გაზრდამ და ხარჯების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება”,– აღნიშნულია სსფ-ის შეფასების დოკუმენტში.