საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3%-დან 1%-მდე შეამცირა. სსფ ვარაუდობს, რომ მშპ-ის ზრდა 2024 წელს 3.2%-ს, ხოლო 2025 წელს 6.5%-ს მიაღწევს.
ფონდის შეფასებით, უკრაინის რეალური მშპ-ის შემცირება 2022 წელს მოსალოდნელზე ოდნავ ნაკლები იყო, შედარებით უფრო სტაბილური მეოთხე კვარტლის წყალობით, როცა მშპ 31,4%-ით შემცირდა, ადრე ნავარაუდევი 35%-ის ნაცვლად.
სსფ ელოდებოდა, რომ ენერგოობიექტებზე თავდასხმების გამო, ელექტროენერგიის გათიშვებს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე უფრო დიდი უარყოფითი გავლენა ექნებოდა.
სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ საგარეო დაფინანსება საკმარისი იქნება ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დასაფარად, ხოლო უკრაინის საერთაშორისო რეზერვები წელს $28,5 მილიარდიდან 29,6 მილიარდამდე გაიზრდება, მომავალ წელს – $32,4 მილიარდამდე, 2025 წელს – 35,6 მილიარდამდე, ხოლო 2027 წლისთვის $44,6 მილიარდს მიაღწევს
სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაცია გასულ წელს არსებული 26,6%-დან წელს 20%-მდე დაიწევს, 2024 წელს – 12,5%-მდე, 2025 წელს 8%-მდე შემცირდება, ხოლო 2027 წელს 5%-ს მიაღწევს.
როგორც ცნობილია, სავალუტო ფონდმა 31 მარტს უკრაინას $15,6 მილიარდის ოთხწლიანი პროგრამა დაამტკიცა.