სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის. ფონდის შეფასებით, 2023 წლისთვის ქვეყნის მშპ-ის ზრდა 5%-ზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. სსფ-ი წინა შეფასების დროს, ეკონომიკის 4%-ით ზრდას ვარაუდობდა.
ფონდის მისია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას 27 სპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში აკვირდებოდა, ვარაუდობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს.
მიმდინარე წელს ინფლაცია სებ-ის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. 2024 წელს კი ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება.
სსფ-ი აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობისა და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე.