საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მორიგმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა და ვიზიტის შედეგები შეაფასა.
მიღწეულია შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ის მისიას შორის ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებზე, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასასრულებლად.
სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ:
-
საქართველოს ეკონომიკა კვლავ ძლიერია მზარდი ტურიზმის, სატრანზიტო ვაჭრობის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გაზრდილი ფინანსური შემოდინებების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო. გასულ წელს მაღალი ზრდის შემდეგ, წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება. ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და 2023 წელს სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება.
-
საერთაშორისო დონეზე მაღალი გაურკვევლობის პირობებში, პოლიტიკა ორიენტირებული უნდა დარჩეს ფისკალური და სავალუტო ბუფერების შევსებასა და რეფორმების მუხტის შენარჩუნებაზე, რაც მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას.
27 აპრილიდან 10 მაისამდე სსფ-ის მისია ბატონი ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სსფ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) მეორე მიმოხილვა იყო.
ვიზიტის დასასრულს ჯეიმს ჯონმა განაცხადა:
„პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ის მისია, საქართველოში სსფ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. ეს შეთანხმება სსფ-ის ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის ივნისში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი. ქვეყნის ხელისუფლება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სესხად აღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ძლიერია: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შეზღუდული გავლენის და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო. ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშირებულმა იმიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, ტრანზიტული ვაჭრობის მატებამ, რაც თავის მხრივ უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია, ეკონომიკის ზრდა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გააუმჯობესა, ლარი გაამყარა. ხელისუფლებამ ხელსაყრელი პირობებით ისარგებლა და ფისკალური და უცხოური ვალუტის ბუფერები შეივსო. ფინანსური სისტემა ჯანსაღია და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები კომერციული ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება.
ბოლო ხანს მნიშვნელოვნად იკლო ინფლაციის ტემპმა და ეროვნული ბანკის 3%-იანი სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაც სასაქონლო ფასების კლების, ლარის გამყარების, მკაცრი მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ასევე გლობალურად მკაცრი ფინანსური პირობების შედეგია. საბაზო ინფლაცია ასევე შემცირდა, თუმცა, კვლავ მაღალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, დასაქმების ბაზარზე მუშახელი სიმწირის, ხელფასების ზრდისა და დაბალი უმუშევრობის გამო.
მეორე მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი შესრულებულია ერთი გამონაკლისის გარდა. შესრულებულია პირობები ინფლაციის, ბიუჯეტის დეფიციტის და საერთაშორისო რეზერვების თაობაზე. ბიუჯეტის მიერ გაცემულმა სესხებმა საწყის ეტაპზე დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა, ეს პარამეტრი შემდგომ გასწორდა. ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების მართვის, ფისკალური რისკების, ეროვნული ბანკის კომუნიკაციისა და ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით.
2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5%-ზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რასაც ზემოაღწერილ ფაქტორებთან ერთად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობისა და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო რეზერვების გონივრული მართვის მიმართ, რაც რეზერვების ადეკვატურ დონემდე გაძლიერებას მოიაზრებს. ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნისა და შრომის ბაზარზე სამუშო ძალის სიმწირიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ფრთხილ და ეტაპობრივ კლებას მოითხოვს, რათა მკაცრი პოლიტიკა შენარჩუნდეს მანამ, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. საბაზო ინფლაციის მატების შემთხვევაში შეიძლება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გახდეს საჭირო. საბანკო სისტემის მდგრადობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მონიტორინგი და რეგულირება, კიდევ უფრო გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ფისკალური პოლიტიკა ბუფერების ზრდასა და რისკების მართვაზე სათანადოდ იყო მიმართული. ფისკალური წესის პირობის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება 2023 ბიუჯეტის შემდგომი კორექტირებისთვის მზადაა. საჭიროა პროგრესის გაგრძელება შემოსავლების მობილიზაციის და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის კუთხით, რაც პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსების საშუალებას გაზრდის, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და განათლებაზე. ასევე უნდა გაგრძელდეს პროგრესი ხარჯვის ხარისხისა და ეფექტურობის ზრდის მიმართულებით. სახელმწიფო საწარმოთა მმართველობის შარშან მიღებული სტრატეგიისა და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიის წარმატებული განხორციელება გაზრდის პროდუქტიულობასა და შეზღუდავს ფისკალურ რისკებს.
ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმების გეგმის განხორციელება შეამცირებს მაღალ უმუშევრობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას გრძელვადიან პერიოდში. უნარების შეუსაბამობისა და გენდერული საკითხების დაძლევა უკეთესი განათლებით, გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლებითა და დასაქმების აქტიური პოლიტიკით, კონკურენტუნარიანობის ზრდით, კორპორაციათა მართვის სტანდარტის გაუმჯობესებითა და ანტიკორუფციული სამართლებრივი ჩარჩოს მეშვეობით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტებით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიცირებასა და რეგიონის დაკავშირებულობას.
სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის“.