მოსალოდნელია, რომ თაფლის გლობალური ბაზარი 2022 წელს $8.53 მილიარდიდან 2029 წლისთვის $12.69 მილიარდამდე გაიზრდება. თაფლზე მაღალი მოთხოვნის ზრდა განაპირობა იმან, რომ მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას ბუნებრივ და ორგანულ დამატკბობლებს.
ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტის ღირებულება 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 75%-ით გაიზარდა, მოცულობა კი – 48%-ით.
ღირებულებით გამოსახულებაში, ევროკავშირში გაყიდული თაფლი, 2016 წელთან შედარებით, 2022 წელს $100 ათასიდან $888 500-მდე გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 0,01 ტონიდან 210,93 ტონამდე მოიმატა.
დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტის ღირებულება, ისევე როგორც მოცულობა, შემცირდა შესაბამისად, 68%-ითა და 93%-ით.
აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 86-ჯერ მეტი იყო, ვიდრე დსთ-ის ქვეყნებში.
PMCG-ის მკვლევრების პროგნოზით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მოთხოვნა კიდევ გაიზრდება, განსაკუთრებით ღია ფერის აკაციის თაფლზე.
2021 წლიდან იმპორტი უმნიშვნელოა ექსპორტთან შედარებით. მანამდე, 2016 წელს, იმპორტის ღირებულება მთლიანი სავაჭრო ღირებულების 79%-ს შეადგენდა, ხოლო იმპორტის მოცულობა – მთლიანი სავაჭრო მოცულობის 88%-ს.
რატომ გაჩნდა მოთხოვნა ქართულ თაფლზე ევროპაში
ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებისა და ქართული თაფლის სექტორის განვითარების მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების მიმართულებით, სავაჭრო სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. კერძოდ, ევროპის ქვეყნები 2016-2022 წლებში იყო Top ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის აქტიური და მაღალი მოცულობა მხოლოდ 2021 და 2022 წლებში იყო.
ქართული თაფლის საექსპორტო ქვეყნები
2016-2022 წლებში, ექსპორტის ღირებულების მიხედვით, ყველაზე მაღალი წილი საფრანგეთს ჰქონდა (32%), მეორე ადგილზეა ბულგარეთი 19%-ით, ხოლო მესამეზე – ნორვეგია 4%-ით.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და ბულგარეთის ვაჭრობის უმეტესი ნაწილი განხორციელდა 2021-2022 წლებში, ხოლო ნორვეგიის სავაჭრო აქტივობა დაკვირვების პერიოდში მხოლოდ 2022 წელს იყო.
2022 წელს საფრანგეთში ექსპორტმა სწრაფი ზრდა აჩვენა. კერძოდ, 2021 წელთან შედარებით, საექსპორტო ღირებულება 80%-ით გაიზარდა, თუმცა, 2019 წელთან შედარებით, საფრანგეთში ნატურალური თაფლის ექსპორტი მინიმალური იყო. ბულგარეთში ექსპორტი 2020 წელს დაიწყო, 2022 წელს კი ექსპორტის ღირებულება 72%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 92-ჯერ გაიზარდა 2020 წელთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ გერმანია თაფლის გლობალურ იმპორტიორთა შორისაა, ის შეიძლება ჩაითვალოს პოტენციურ ბაზრად ქართველი ექსპორტიორებისთვის მომდევნო წლებში.
სად ღირს ყველაზე ძვირი ქართული თაფლი
Top 10 ქვეყნიდან საექსპორტო ღირებულებით და მოცულობით რუსეთს ჰქონდა ყველაზე დაბალი საექსპორტო ფასი ($0,75 კგ), ხოლო აშშ-ს – $8,9 კგ, შემდეგ მოდის არაბთა გაერთიანებული საამიროები ($7,7) და ჰონგ კონგი ($7,6).
თავის მხრივ, საქართველოდან ბუნებრივი თაფლის ექსპორტით პირველ სამ ქვეყნებს შორის საშუალო ფასები ასეთი იყო: საფრანგეთში – $5.3 კგ-ზე; ნორვეგია – 4,9; ბულგარეთი – $2,7.