საბანკო სექტორის მიერ 2023 წლის იანვარში მიღებული 198 მილიონ ლარამდე მოგების 84% საქართველოს ბანკს და თიბისის ეკუთვნის.
საქართველოს ბანკის მოგებამ 87.484 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო თიბისი ბანკმა 78.809 მლნ ლარის მოგება მიიღო. სულ ბაზარზე მოქმედი 15 კომერციული ბანკის წმინდა მოგება იანვრის თვეში 197.95 მლნ ლარი იყო.
მომგებიანი ბანკების ხუთეულშია კრედო ბანკი 8.056 მლნ ლარის მოგებით, ლიბერთი ბანკი 6.055 მლნ ლარით და ქართუ ბანკი 4.944 მლნ ლარის მოგებით.
ოთხი კომერციული ბანკი ზარალიანია. ყველაზე დიდი ზარალი უფიქსირდება რუსული VTB-ის შვილობილ ვითიბი ბანკ ჯორჯიას (-1,045 მლნ ლარი). ამ დროისთვის ზარალზეა ახალი ციფრული ბანკი პეისერაც -0.075 მლნ ლარით, ასევე, პაშა ბანკი -0.128 მლნ ლარით და სილქ ბანკი -0.289 მლნ ლარის ზარალით.
ცნობისთვის, კომერციული ბანკებისთვის 2022 წლის იანვარი უფრო მომგებიანი იყო. მათ 212,69 მილიონი ლარის მოგება მიიღეს. იანვრის თვეში კომერციულ ბანკებში შემცირებულია ანგარიშებზე განთავსებული ანაბრების მოცულობაც. ასევე, შემცირდა სასესხო პორტფელი. ამასთანავე, 2023 წლიდან საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.