2023 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით, 256,4 ლარამდე შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის საარსებოდ აუცილებელი მინიმუმი 2023 წლის თებერვალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.6 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი 231.3 ლარს შეადგენდა.
საარსებო მინიმუმის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული. თებერვალში წლიური ინფლაციის კლება შესაბამისად აისახა საარსებო მინიმუმის ოდენობაზე.
საარსებო მინიმუმი მოიცავს ორი სახის კალათას – სასურსათო და არასასურსათოს. სასურსათო კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის(პური, კარტოფილი, რძის პროდუქტები, ლობიო, ხორცი და სხვა), რაც ადამიანს საჭირო კალორიების მისაღებად ესაჭიროება.
სასურსათო კალათა მთლიანი საარსებო მინიმუმის 70%-ს ქმნის. სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმის დათვლისას სწორედ ამ კალათაში შესული პროდუქტების ფასებს ითვალისწინებს. არასასურსათო კალათაში კი შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ხარჯი, ტანისამოსი, მედიკამენტები, ასევე, გართობისა და დასვენებისთვის საჭირო თანხები და ა.შ.