რუსული „გაზპრომის” ინფორმაციით, 2023 წელს ბუნებრივი აირის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 40%-ით შეუმცირდა.
„გაზპრომმა” ფინანსური ანგარიში ხუთშაბათს, 2 მაისს გამოაქვეყნა. ზარალი გამოიწვია ბუნებრივი აირის ექსპორტის შემცირებამ, რაც დასავლეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს მოჰყვა.
ფინანსურმა ზარალმა $6,7 მილიარდს მიაღწია. არადა კომპანიამ 2022 წელს $13.2 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო.
კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2023 წელს $92 მილიარდამდე შემცირდა, წინა წლის $126 მილიარდიდან.
ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე, გაზპრომის აქციები ხუთშაბათს 4%-ით დაეცა.
ანგარიშის თანახმად, გაზის გაყიდვიდან შემოსავალი 40%-ით, $47,4 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 4%-ით და $38 მილიარდი შეადგინა. გაზპრომის ელექტროენერგიის გაყიდვები გაუმჯობესდა 6%-ით, $6,6 მილიარდამდე.
რუსული ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროკავშირის ძირითად ბაზრებზე მნიშვნელოვნად შემცირდა სანქციების და Nord Stream მილსადენის დაზიანების გამო.
Reuters-ის ინფორმაციით, გაზპრომის მიერ ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება 55,6%-ით შემცირდა და 2023 წელს 28,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
„გაზპრომმა” ყურადღება აზიის ქვეყნებთან ვაჭრობაზე გადაიტანა. ჩინეთი მისი რესურსების ერთ-ერთი მთავარი შემსყიდველია. ციმბირის ახალი მილსადენის სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ, რუსული გაზის ჩინეთში ექსპორტმა წლიურად შეიძლება 100 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს. თუ ასე მოხდება, ჩინეთი, როგორც რუსული გაზის მყიდველი, მთლიანად ჩაანაცვლებს ევროკავშირს.