Bloomberg აქვეყნებს გამოძიებას, რომლის თანახმად, რუსი ჰაკერები, რომლებიც GRU-თან და FSB-თან იყვნენ დაკავშირებული, რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ ხელისუფლებასა და მსხვილ კომპანიებს საქართველოში, აგროვებდნენ ინფორმაციას და ერეოდნენ ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში.
გამოცემის მიერ ჩატარებული გამოძიება ეყრდნობა დოკუმენტებსა და ტექნიკურ ანგარიშებს, ასევე ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებებს, რომლებიც ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ.
Bloomberg-ის თანახმად, ჯაშუშური კამპანიის სამიზნე იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებები, საქართველოს ეროვნულ ბანკი, ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ნავთობტერმინალები და სატელევიზიო არხები. ჰაკერული თავდასხმების უმეტესობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, მაგრამ Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ რუსეთმა მსგავსი ოპერაციები ბოლო პერიოდშიც განახორციელა.
გამოცემა წერს, რომ ზოგიერთ დოკუმენტში დასახელებულია რამდენიმე კომპანიის გვარი. გამოძიების ინფორმაციით, FSB რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წერილებს, მათ შორის საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ოპერაცია ჯგუფი “ტურლას” ჰაკერებმა განახორციელეს, რომელიც, შეერთებული შტატების ცნობით, რიაზანში მდებარე FSB-ს მე-16 ცენტრის ნაწილია. 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე ჰაკერებმა მოიპარეს შვიდი ქართველი ოფიციალური პირის მონაცემები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილისა და შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში საქართველოს ელჩების დოკუმენტები. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა „გატეხეს” საქართველოს საკონსულოებისა და საელჩოების კომპიუტერები, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, სამხრეთ კორეაში, აზერბაიჯანში, კვიპროსსა და კანადაში.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჰაკერების ჯგუფის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ქსელში 114-ჯერ შეაღწიეს და ჯამში 2,1 გიგაბაიტი მონაცემები მოიპარეს. რუსულმა GRU-მ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერებიც გატეხა და წვდომა მოიპოვა ელ.ფოსტაზე. რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ასევე შეაღწია ტელეკომპანიების „იმედის” და „მაესტროს” (ეს 2019 წელს გავრცელდა) და საქართველოს რკინიგზის საიტებზე.
რუსმა ჰაკერებმა ასევე გატეხეს საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ელექტრონული ფოსტის ანგარიშები და წაიკითხეს კონფიდენციალური მიმოწერა.
Bloomberg-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტები მიუთითებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო ჩარეულიყო ენერგეტიკულ და კომუნალურ ორგანიზაციებში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დაიწყებდა სვლას „არასასურველი მიმართულებით“. რუსი ჰაკერები ენერგოკომპანია „თელასის“ თანამშრომლების წერილებს კითხულობდნენ და მათ მუშაობას კომპანიის შიდა ვიდეოკამერების გამოყენებით აკვირდებოდნენ.
GRU-ს ჰაკერებმა შეძლეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ელექტრო ქვესადგურების გათიშვა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ნათქვამია ერთ-ერთ დოკუმენტში.
კიბერდამნაშავეებმა ბათუმის ნავთობტერმინალის ქსელშიც შეაღწიეს და 2019 წლის ოქტომბერში მათ გატეხეს ვიდეოკამერები. მათი მსხვერპლი აღმოჩნდა კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. თავდასხმის მსხვერპლთა შორისაა ინტერნეტ პროვაიდერი Skytel. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ჰაკერებს შეეძლოთ Skytel-ის სატელეკომუნიკაციო სისტემის გამორთვა.
გამოცემის თანახმად, დასავლელმა პარტნიორებმა გააფრთხილეს საქართველო რუსული ჰაკერული თავდასხმების შესახებ, მაგრამ ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უცნობია, რა მოიმოქმედა საქართველოს ხელისუფლებამ. ბევრმა ქართულ უწყებაში ჟურნალისტებთან ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ. ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ „თანამედროვე სისტემებს იყენებს თავისი საინფორმაციო აქტივების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეფასებას შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერ გააკეთებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კიბერდანაშაულის გამოძიება სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. GRU-მ და FSB-მ პასუხი არ გასცეს Bloomberg-ს.