საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადასტურებს, რომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth-ს ავიარეისების შესრულების ნებართვა მისცა. კომპანიამ ფრენები 17 მაისიდან უნდა დაიწყოს. ის მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე კვირაში 7 რეისს შეასრულებს.
სააგენტო აცხადებს, რომ Azimuth სანქცირებულთა სიაში არ არის.
დღეს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ფრენების ნებართვისთვის ავიაციის სააგენტოს სამმა რუსულმა და ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ მიმართეს, რომლებსაც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან სურთ ფრენების განხორციელება. მინისტრმა ავიაკომპანიების დასახელებისგან თავი შეიკავა.
რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის განკარგულებას 10 მაისს მოაწერა ხელი. საქართველოს მოქალაქეებს კი 15 მაისიდან სავიზო რეჟიმი გაუუქმა.