2024 წლის 1-ლი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მოაწერა.
ამჟამად, ერთ ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლია (დღევანდელი კურსით 0.99 ლარი). მაისიდან კი აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლი იქნება (3.14 ლარი). ამავე ინფორმაციით, ზრდა შემდეგ წლებშიც გაგრძელდება, კერძოდ, 2025-დან გადასახადი 112 რუბლი (დღევანდელი კურსით 3.25 ლარი), 2026 წლიდან კი 116 რუბლი (დღევანდელი კურსით 3.36 ლარი) გახდება.
ამასთან, იზრდება აქციზის ღირებულება შამპანურზეც. კერძოდ, დღეს აქციზი 45 რუბლია (დღევანდელი კურსით 1.30 ლარია), მაისიდან კი 141 რუბლი გახდება (დღევანდელი კურსით 4.10 ლარი) 2025 წლიდან – 147 რუბლი (დღევანდელი კურსით – 4.26 ლარი) გახდება, 2026 წელს კი 153 რუბლი (დღევანდელი კურსით – 4.44 ლარი).
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი სწორედ რუსეთია. 2023 წელს ღვინის ექსპორტირებული ღვინის 65.2% რუსეთზე მოდიოდა.
საქართველომ გასულ წელს, ადგილობრივი წარმოების ღვინის ექსპორტით $257.710 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, ექსპორტირებული ღვინიდან $168.125 მლნ-ს რუსეთში გავიდა.
რაც შეეხება ცქრიალა ღვინოს, 2023 წელს უცხოეთში სულ $4.749 მლნ-ს ღირებულების შამპანური გაიყიდა, აქედან $2.396 მლნ-ს რუსეთში, რაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 50.4%-ია.