რუსეთში ბოთლი ქართული ღვინის საცალო სავაჭრო ფასი, რომლის საიმპორტო გადასახადიც ნულოვანია, შესაძლოა, 150 რუბლით (დაახლოებით, $1,60-ით) გაიზარდოს. ამის შესახებ „რია ნოვოსტს“ საინფორმაციო ცენტრ WineRetail-ის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტავცევმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთში ღვინოზე სააქციზო განაკვეთები 1-ლი მაისიდან თითქმის 3-ჯერ იზრდება(ამჟამად, 1 ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 1 ლარია. 1 მაისიდან აქციზი ლიტრზე დაახლოებით 3,10 ლარი გახდება) და ამ ფონზე იმპორტირებული ალკოჰოლი მნიშვნელოვნად გაძვირდება.
მისი პროგნოზით, 700 რუბლამდე ($7.5-მდე) კატეგორიაში ქართულ, ისევე, როგორც ჩილეს ღვინოებს რუსეთში წარმოებულთან კონკურენცია გაუჭირდებათ, რადგან მთავრობა გულმოდგინედ ასუფთავებს ბაზარს 500 რუბლამდე ($5.5-მდე) ღირებულების იმპორტირებული ღვინისგან. მისივე თქმით, აქციზის გადასახადი გაზრდის რუსული ღვინის კონკურენტუნარიანობის დონეს, დაახლოებით, 700 რუბლამდე ($7.5-მდე) სეგმენტში.
„იმპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქტებზე ფასების ზრდა შესამჩნევი იქნება და ეს ყველაზე, მათ შორის, „მეგობარ“ ქვეყნებზეც აისახება,“ – აცხადებს სტავცევი.
ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში
აქციზის ზრდა განსაკუთრებით იმ კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ღვინოს დაბალ საფასო სეგმენტში ყიდიან. ასეთი კი საკმაოდ ბევრია.
როგორც ცნობილია, რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია და მისი წილი ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან გასული ღვინის 78.1% სწორედ რუსეთში გავიდა. კერძოდ, წელს სამ თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია $83.217 მლნ-ს ღირებულების ღვინო, აქედან $65.026 მლნ-ის – რუსეთში.
საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთის წილი შარშან 67.4%-იანს შეადგენდა. 2023 წლის სამ თვეში რუსეთში 37.974 მლნ-ს ღირებულების ღვინო გავიდა, მთლიანმა ექსპორტმა კი $56.324 მლნ შეადგინა. ამავე მონაცემებიდან ჩანს, რომ წლიურად რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 71.2%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის საშუალო ღირებულება ერთ ლიტრზე $2.7-ს შეადგენს.