კომუნისტური პარტიის დეპუტატებმა რუსეთის დუმას საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის წევრობის გაუქმება შესთავაზეს.
შესაბამისი პროექტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რეზოლუციის ავტორები რუსეთის მიერ სსფ-ში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკში, ასევე საერთაშორისო განვითარების ასოციაციაში წევრობის გაუქმების აუცილებლობას ასაბუთებენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია სავალუტო ფონდისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკით, რომელიც ხორციელდება „აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მისი სატელიტების მოთხოვნით“.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სსფ-ის წევრობა რუსეთის ფედერაციას ისეთი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას ავალდებულებს, რომელიც მას რუბლის კურსის უცხოურ ვალუტებზე მიბმას აიძულებს და ართმევს კურსის დამოუკიდებლად შეცვლის შესაძლებლობას.