მზესუმზირას ზეთისა და ხორბლის მწარმოებლებმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი შეიძლება დროებით შეაჩერონ. რუსული მედია წერს, რომ მეწარმეებმა შესაბამისი რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს.
მარცვლეულისა და ზეთის ექსპორტიორი კომპანიები შიშობენ, რომ ფასების გლობალური კლების პირობებში, ექსპორტზე უარის თქმა მათ დიდ ზარალს მიაყენებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მითითების გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ პროდუქციის რეალიზაციის საკითხები ბიზნესის გადასაწყვეტია.
მზესუმზირას ზეთისა და მარცვლეულის მსოფლიო ფასები ბოლო ათი დღეა მკვეთრად არის შემცირებული. მზესუმზირას ზეთის ღირებულება ტონაზე $1 100-დან $800-მდე ჩამოვიდა, ერთი ტონა მზესუმზირას მარცვლის ფასი $600-დან $395-მდეა დაკლებული. ხოლო ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასი, პირველად 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, $300-ს ჩამოსცდა.
ფასების ვარდნა უკავშირდება ამერიკული ბანკების – Silicon Valley-ისა და Signature-ის გაკოტრებას და ამით გამოწვეულ ნავთობის გაიაფებას. ნავთობზე ფასის შემცირებამ მსოფლიო ბაზრებზე სურსათის ღირებულების კლება გამოიწვია. გაყიდვებზე უარყოფითად მოქმედებს მუსლიმანურ ქვეყნებში რამადანის დღესასწაული, როცა საკვებზე მოთხოვნა ტრადიციულად შემცირებულია.
რუსი მწარმოებლები მთავარ პრობლემად ექსპორტის გადასახადს ასახელებენ.
მზესუმზირას ფასი ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემცირებულია რუსეთის შიდა ბაზარზეც, რაც ამ ბიზნესს არამომგებიანი ხდის. ცნობილია, რომ მწარმოებლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მზესუმზირას და ხორბლის საექსპორტო გადასახადის გაუქმების თხოვნით მიმართეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ თხოვნას რეკომენდაციით უპასუხა, რომ უმჯობესი იქნება, მათ პროდუქცია დაბალ ფასად არ გაიყიდონ და დაელოდონ ფასების ზრდას.