აფხაზეთიდან აიკრძალა მანდარინის იმპორტი რუსეთში. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის მეთაურმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.
ციტრუსის რუსეთში შეტანა სანიტარიული სამსახურების გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერეს. ბგანბა ამბობს, რომ “გარკვეული მავნე ბუზის” გამო. მისივე თქმით, აფხაზეთის სანიტარიულმა სამსახურებმა, ციტრუსში მწერები ვერ აღმოაჩინეს.
რუსეთის მხრიდან აკრძალვა სავარაუდოდ უკავშირდება აფხაზეთის მიერ ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებაზე უარის თქმას, რომლის მიღებას რუსეთი ცდილობს.
რუსეთთან ახალი საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების გამო ნოემბერში აფხაზეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. შეთანხმების თანახმად, რუსულ კომპანიებს უფლება ეძლეოდათ მონაწილეობა მიეღოთ საინვესტიციო პროექტებში აფხაზეთში.
მოსახლეობის პროტესტის გამო თანამდებობა დატოვა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ. 3 დეკემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება ჩააგდო.