რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე საქართველოში არიან, ურჩევს, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს თბილისისა და ბათუმის ცენტრებში.
ინფორმაცია სამინისტროს ვებსაიტზე 9 მარტს გამოქვეყნდა. რეკომენდაციის მიზეზი დასახელებული არ არის. სავარაუდოდ, გაფრთხილება ე.წ. უცხოეთის აგენტების „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
სამინისტროს „ორგანიზებული ტურისტებისთვის“ მითითებული აქვს ასოციაცია „ტურპომოშჩის“ ტელეფონი, რომელზეც დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დარეკონ. ხოლო ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციას.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და, განსაკუთრებით, პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემდეგ, საქართველოში რუსეთის მილიონ 460 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა (2023 წლის 1 იანვრამდე), 2022 წლის სექტემბრამდე საქართველოში დარჩა 113 ათასი მოქალაქე.
2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 15 186 იურიდიული პირი დააფუძნეს. 2022 წლის 9 სექტემბრამდე მათ 15 164 შენობა-ნაგებობა (მათ შორის, 13 262 ბინა) და 13 850 მიწის ნაკვეთი შეიძინეს.