კრემლი დასავლეთის ქვეყნებს ემუქრება, რომ სანქციების საპასუხოდ ეკონომიკურ კრიზისს მიიღებენ.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ G7-ის ქვეყნები სრულად აკრძალავენ რუსეთში საქონლის ექსპორტს, მოსკოვი ამას შესაბამისად უპასუხებს. კერძოდ, მათი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, შეწყვეტენ საქონლის იმპორტს G7-ის იმ ქვეყნებში, რომელთათვისაც ეს აკრძალვა „ყველაზე მგრძნობიარე” იქნება.
„მათთვის დასრულდება მარცვლეულის შეთანხმება და შეუწყდებათ ბევრი სხვა რამ, რაც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა მედვედევმა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, დამატებითი სანქციებით დაზარალდება მსოფლიო ეკონომიკაც და ეს იქნება სვლა გლობალური ეკონომიკური კრიზისისაკენ.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და G7-ის ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ რუსეთში ექსპორტის სრულ აკრძალვას.
Bloomberg-ის ინფორმაციით, G7-ის ლიდერებმა ეს საკითხი უნდა განიხილონ სამიტზე, რომელიც მაისში გაიმართება.