რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ფართომასშტაბიანი შეტევა“ დაიწყეს სამხრეთ დონეცკის მიმართულებით.
რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ 4 ივნისს, დილით, შეტევა დაიწყო ფრონტის ხუთ მიმართულებაზე, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადები და სხვა სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
მთლიანობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტევაში უკრაინული ძალების ექვსი მექანიზებული და ორი სატანკო ბატალიონი იყო ჩართული.
რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ უკრაინელების შეტევა წარუმატებელი იყო და მათ დაკარგეს 250-ზე მეტი ჯარისკაცი, 16 ტანკი, სამი ქვეითი საბრძოლო მანქანა და 21 ჯავშანტექნიკა.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ „ამ პერიოდში ის ამ მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე სამეთაურო პუნქტზე იმყოფებოდა“.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.