ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს $1 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელი გაუჩინარდა. ტვირთი 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში გაიგზავნა და მას რუსეთის ტერიტორია უნდა გადაეკვეთა. ამის შესახებ Financial Times წერს.
მოჩვენებითი ექსპორტი
ევროკავშირიდან, კერძოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, გაგზავნილი $2 მილიარდის ღირებულების „ორმაგი დანიშნულების“ პროდუქციის მხოლოდ ნახევარმა მიაღწია დანიშნულების ადგილამდე ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში. გაგზავნილ საქონელს შორის იყო გაზის ტურბინები, შედუღებისა და გადამცემი აღჭურვილობა.
ევროკავშირის განმარტებით, ეს საქონელი, რომელიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ სამხედრო დანიშნულებით, რუსეთში შევიდა „ვითომ ტრანზიტის“ მიზნით. ეს იყო „მოჩვენებითი“ ექსპორტი, რომელმაც ვერ მიაღწია ოფიციალურ დანიშნულების ადგილს.
რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებს შუამავლების, აგენტების ან მომწოდებლების მეშვეობით, რომლებიც ევროკავშირის საბაჟო დეკლარაციებში ცრუ მიმართულებებს უთითებენ. ეს მეთოდი ეხმარება მოსკოვს, ჰქონდეს წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვან ევროპულ პროდუქტებზე, მათ შორის საავიაციო კომპონენტებზე, ოპტიკურ აღჭურვილობასა და გაზის ტურბინებზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს კიევში განაცხადა, რომ ახალი სანქციები მიმართული იქნება მესამე ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს სანქცირებული საქონლის მიღებაში ეხმარებიან.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კულტურული ფასეულობების სხვა ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვას.