დღეს, 9 აგვისტოს დილიდან, რუსული რუბლი ევროსა და აშშ დოლარის მიმართ მკვეთრად დაეცა. 2022 წლის 25 მარტის შემდეგ ევროს კურსი პირველად 107 რუბლს გადასცდა, 1 აშშ დოლარის ფასი კი 98 რუბლამდეა.
რუბლის გაუფასურების ფუნდამენტური ფაქტორები უცვლელი რჩება: ვალუტის დეფიციტი (ქვეყანაში გაზრდილია მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე) და ბიუჯეტის დეფიციტი.
რუსეთის ბიუჯეტში დეფიციტი იზრდება
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლები წლის დასაწყისიდან 8%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წერს Forbes-ის რუსული გამოცემა.
2023 წლის იანვარ-ივლისში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 2,82 ტრილიონი რუბლი შეადგინა. დეფიციტი ერთ თვეში 222 მილიარდი რუბლით არის გაზრდილი.
ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეალიზაციიდან რუსეთის შემოსავალი შემცირდა 41,4%-ით და 4,14 ტრილიონ რუბლს შეადგენს.
პარალელურად, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები – იანვარ-ივლისში ზრდა 14%-ია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, მატულობს ბიუჯეტის დეფიციტი.
როგორც Bloomberg წერს, რუსეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ გაუფასურებული რუბლის პირობებში, ნავთობისა და გაზის გაყიდვებით, წლის ბოლომდე დამატებით $11 მილიარდის დამატებით შემოსავალს მიიღებს, რასაც ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად გამოიყენებს.
რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა თქვა, რომ რუბლის ვარდნა დადებითად აისახება ბიუჯეტის შევსებაზე. შესაბამისად, ხელისუფლება კურსის შესაჩერებლად ზომების მიღებას არ გეგმავს.