რუსეთის ფინანსთა სამინისტროს იანვარ-აპრილის წინასწარი მონაცემებიდან გაირკვა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 3,4 ტრილიონ რუბლს შეადგენს, რაც $44,5 მილიარდს აღემატება.
ამ მაჩვენებლით, ბიუჯეტის დეფიციტი უკვე მთელი წლის პროგნოზს აჭარბებს. 2023 წლის ბიუჯეტის კანონი ითვალისწინებს დეფიციტს 2,93 ტრილიონი რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით $38,5 მილიარდია.
2023 წლის პირველ ოთხ თვეში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით შემცირდა, ხოლო ხარჯები 26%-ით გაიზარდა.
ნავთობისა და გაზის რეალიზაციიდან შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 52%-ით არის შემცირებული და 2,28 ტრილიონ რუბლს შეადგენს ანუ დაახლოებით $29 მილიარდს.
მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბიუჯეტის საიდუმლო ხარჯები $31 მილიარდზე მეტი იყო, რაც 2-ჯერ აღემატება 2022 წლის იმავე პერიოდში გახარჯულ თანხებს. რუსეთის ხელისუფლებას საბიუჯეტო ხარჯების თითქმის მესამედი გასაიდუმლოებული აქვს. ექსპერტების აზრით, საიდუმლო თანხების ზრდა უკრაინის ომის ხარჯებს უკავშირდება.