ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი აპრილში 8,3 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც დღეში 50 000 ბარელით ზრდას ნიშნავს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთს ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი $1,7 მილიარდით გაეზარდა და $15 მილიარდი შეადგინა.
თუმცა, ეს მაჩვენებელი 27%-ით ნაკლებია 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით. საგადასახადო შემოსავალი ნავთობისა და გაზის სექტორიდან 64%-ით შემცირდა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,- აღნიშნავს სააგენტო.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთს წარმოების მკვეთრად შემცირების საფრთხეც არ ემუქრება. პირიქით, „რუსეთმა შესაძლოა, გაზარდოს წარმოების მოცულობები დაკარგული შემოსავლის ასანაზღაურებლად”, – ნათქვამია IEA-ს ნავთობის ბაზრის ყოველთვიურ ანგარიშში.
ცნობისთვის, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და ავსტრალიამ რუსულ ნავთობპროდუქტებზე და ნედლ ნავთობზე ფასების ლიმიტი დააწესეს.
ევროკავშირმა ასევე დააწესა სანქციები რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე.
საპასუხოდ, რუსეთი ამ ქვეყნებსა და კომპანიებს ნავთობის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. მან ასევე გამოაცხადა მოპოვების შემცირება დღეში 500 000 ბარელით, ხოლო მისი მოკავშირეები OPEC+-ის ჯგუფში, მათ შორის საუდის არაბეთი, ასევე დათანხმდნენ მოპოვების შემცირებას.
სააგენტოს თქმით, ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის თითქმის 80%-ს ყიდულობენ.
IEA-ს პროგნოზით, ჩინეთი წელს გაზრდის ნავთობზე მოთხოვნას 2.2 მილიონი ბარელით დღეში, საშუალოდ 102 მილიონ ბარელით. ეს 200 000 ბარელით მეტია წინა პროგნოზზე.