არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2022 წლის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოსთვის 18.2%-ს მიაღწია, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წარმოშობის მიხედვით, 37%-მდე გაზრდილია რუსეთის რეზიდენტების წილი არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში.
სულ არარეზიდენტებს საქართველოს კომერციული ბანკების ანგარიშებზე 8,06 მილიარდი ლარის დეპოზიტი აქვთ განთავსებული. აქედან 6,86 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების საკუთრებაა.
არარეზიდენტების დეპოზიტების განაწილება ქვეყნების მიხედვით:
-
რუსეთი – 37%
-
ისრაელი – 8%
-
უკრაინა – 6%
-
დიდი ბრიტანეთი – 4%
-
აზერბაიჯანი – 4%
-
კვიპროსი – 4%
-
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები – 4%
-
ბელარუსი – 3%
-
გერმანია – 3%
-
ჩინეთი – 2%
სებ-ი მიუთითებს, რომ დეპოზიტები დივერსიფიცირებულია, როგორც ქვეყნების, ისე დეპოზიტების ტიპების მიხედვით, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით, რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია.
ამ ტიპის დაფინანსებაზე ჭარბი დამოკიდებულების პრევენციის მიზნით, სებ-ი არარეზიდენტებს დეპოზიტებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მოთხოვნას უწესებს (არარეზიდენტების დეპოზიტებს რეზიდენტებთან შედარებით უფრო მაღალი ლიკვიდობის მოთხოვნები მიეყენებათ).
არარეზიდენტების დეპოზიტების მაღალი წილის მქონე ბანკებში დამატებითი ლიკვიდობის საჭიროება ამ ტიპის დეპოზიტების პორტფელის მოზიდვის სტიმულს ამცირებს.