რუმინეთი მკაცრ საბაჟო კონტროლს უწესებს უკრაინიდან შემოსულ აგრარულ პროდუქციას, რომელიც რუმინეთის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებში უნდა გავიდეს.
როგორც რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განმარტა, ამ მექანიზმით ეცდებიან, დაიცვან რუმინელი ფერმერები, რომლებსაც უკრაინიდან მარცვლეულის შემოტანის გამო პრობლემები შეექმნათ.
ახალი რეგულაციით, უკრაინიდან შემოსული აგროსასურსათო პროდუქტის ხარისხის დასადგენად ნიმუშების აღება მოხდება საბაჟოზე და არა დანიშნულების ადგილზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუმინეთს სურს შეამოწმოს, პესტიციდების დონე უკრაინულ პროდუქტში შეესაბამება თუ არა ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმას.
ასევე, რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკრაინულ მხარეს მიმართა თხოვნით, რაც შეიძლება მალე შეზღუდოს მარცვლეულისა და მზესუმზირას ექსპორტი რუმინეთში, „იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლებსაც რუმინელი ფერმერები აწყდებიან“.
„რუმინეთი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს ევროკომისიის ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და გააგრძელებს მარცვლეულის ტრანზიტის უზრუნველყოფას მესამე ქვეყნებში და ტრადიციულ სავაჭრო გზებზე“, – განაცხადა რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ორივე მინისტრი შეთანხმდა, რომ პარასკევს, 21 აპრილს, პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ცნობისთვის, პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ბულგარეთმა უკვე აკრძალა უკრაინული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის იმპორტი. ასეთი რადიკალური ზომის მიღება ადგილობრივი ფერმერების პროტესტს მოჰყვა, რომლებიც უკრაინული პროდუქციის დაბალი ფასების გამო დაზარალდნენ.