ოთხშაბათს დილით მოსკოვის ბირჟაზე რუბლი კიდევ გაუფასურდა და აშშ დოლარის მიმართ 109,5 რუბლის ნიშნულს გადასცდა. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად რუსული ვალუტა ყველაზე სუსტია 2022 წლის უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი დღეების შემდეგ, როცა მან ისტორიულ მინიმუმს $150-ს მიაღწია.
რუსული ვალუტის ვარდნას იწვევს სავალუტო შემოსავლების კლება, რასაც ხელს უწყობს ნავთობის ფასების დაწევა და გაზპრომბანკის წინააღმდეგ სანქციების შემოღება.
რუსეთში ელოდებიან, რომ რუბლის ვარდნა გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს, რაც ინფლაციას დააჩქარებს. თუმცა, ამავდროულად, სუსტი რუბლი კრემლს საშუალებას აძლევს მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო ეფექტურად დააფინანსოს ომი უკრაინაში, იარაღის შესყიდვისა და ჯარისკაცების ხელფასების რეალური ღირებულების შემცირებით.
ამიტომ ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ რუბლის დასუსტება კრემლის ინტერესებში იყოს.
სამშაბათს, ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა რუბლის დევალვაცია შეაფასა, როგორც “ძალიან, ძალიან ხელსაყრელი” რუსი ექსპორტიორებისთვის.
როგორც ცნობილია, ოთხშაბათს დილით ნავთობის ფასი ოდნავ შეიცვალა, რადგან ინვესტორებმა შეაფასეს აშშ-ში საწვავის მარაგების შემცირება და ისრაელსა და ლიბანს შორის ზავის შესახებ ინფორმაცია.
Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე $72,94 ღირდა. WTI ნავთობის იანვრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე $ 68,91-მდე გაიზარდა.