ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც აეროპორტის განვითარების გეგმის შემუშავების წინაპირობაა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა შეარჩევს მმართველ კომპანიას, ხოლო აეროპორტი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.
პარალელურად დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი და 2025 წლისთვის მზად იქნება. ამის შემდეგ დაიწყება აეროპორტის მშენებლობა და 2028 წლის ბოლოს მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორია იყო, მასთან კოორდინაციით ვახორციელებდით შესწავლებს პირველი დღიდან. მათი მოსაზრებები სრულად ასახულია გადაწყვეტილებაში და თავდაცვისუნარიანობის კუთხით აქ არანაირი კითხვა არ არსებობს.
რაც შეეხება ვადებს, ახლა ვახორციელებთ სანავიგაციო კვლევებს, რომელიც გასული წლის შუაში დაიწყო. ჩვენს კონტრაქტორებს რამდენიმე თვიანი კონტრაქტი აქვთ, რომელსაც უახლოეს პერიოდში დაასრულებენ. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ზუსტად განვსაზღვროთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კონფიგურაცია, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის თუ როგორი იქნება აეროპორტის განვითარების გეგმა.
ვიწყებთ მასტერპლანის კონკურსს რომელიც რამდენიმე კვირაში დაიწყება. გენერალური გეგმის პარალელურად, დავიწყებთ მუშაობას პროექტირებაზე. ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლოს გვქონდეს სრულყოფილი გეგმა, რომელიც სამშენებლო ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. ამას დასჭირდება 3 წელი და 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ პირველი ფრენები განხორციელდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.