ხშირად ყველაზე პრაქტიკული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მარტივი ისტორიის გაკვეთილიდან.
დიახ, თქვენ იპოვით სასარგებლო რჩევებს პირველი მილიონერის ისტორიაში.
ბენჯამინ ფრანკლინი იყო პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, გამომგონებელი და გამომცემელი.
ფრანკლინი მრავალშვილიანი ოჯახის უმცროსი ვაჟი იყო. მამამისმა, ღარიბმა მესანთლემ, უსახსრობის გამო ვერ შეძლო უმცროსი შვილის განათლებაზე ზრუნვა. ბენჯამინმა გადაწყვიტა, თავად გაეკვლია სამყაროში საკუთარი გზა.
ცხოვრება მარტივი არ ყოფილა – ხუთი წლის განმავლობაში საკუთარი ძმის – ჯეიმსის შეგირდი იყო სტამბაში. საკმაოდ მძიმე და შრომატევად საქმეს ემატებოდა ისიც, რომ ძმას შურდა მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების და ხშირად შეურაცხყოფდა. იმედგაცრუებული ბენჯამინი გაიქცა. მოისყიდა გემის კაპიტანი და ასე აღმოჩნდა ფილადელფიაში. სწორედ აქ შექმნა პირველი სტამბა და საბოლოოდ ინდუსტრიის ლიდერიც გახდა.

ის, რაც მან აღმოაჩინა, ახალი არ არის, მაგრამ ზოგიერთისთვის საკმაოდ რთულია – მას ესმოდა, რომ საკუთარ თავზე თავად უნდა ეზრუნა! ამ მარტივი კონცეფციის გააზრება დაეხმარა, ეპოვა ცხოვრებაში საკუთარი ადგილი და მიეღწია დიდი ფინანსური წარმატებისთვის.
ფრანკლინი საკმაოდ მარტივი წესის დაცვით გამდიდრდა: ინვესტიციას მხოლოდ იმ ინდუსტრიაში დებდა, რაც კარგად იცოდა. ბეჭდვას ბავშვობიდან სწავლობდა, ფული დააგროვა თუ არა, საკუთარი სტამბა გახსნა, მოგვიანებით გაზეთიც დააარსა.
ფრანკლინს არ ჩაუდვია ინვესტიცია „ყველაზე ცხელ“ აქციებში ან ყველაზე პოპულარულ ობლიგაციებში, სამაგიეროდ, მან თავისი სიმდიდრე სწრაფად დააგროვა იმ საქმეში ინვესტირებით, რაც კარგად იცოდა.
მას შემდეგ, რაც გაზეთი მომგებიანი გახდა, ფრანკლინმა დაიწყო წიგნების წერა. გაზეთებმა და წიგნებმა პოპულარობა მოუტანა. საბოლოოდ, მან გაზეთები თავისი სხვადასხვა გამოგონების გასაყიდად გამოიყენა.
მთელი მისი ბიზნესი და ინვესტიცია დაკავშირებული იყო ბეჭდვასთან და გამოცემასთან. მდიდარი კოლონისტების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც ვაჭრობდნენ პარიზსა და ლონდონში, ის თვალს არ ადევნებდა „ცხელ აქციებს”.
რისი სწავლა შეგიძლიათ ბენჯამინ ფრანკლინისგან?
შეგიძლიათ ისწავლოთ, რომ ინვესტიცია საკუთარ ცოდნაზე უნდა გააკეთოთ, იფიქროთ ბიზნესზე, რომელშიც ხართ, რადგან თქვენ კარგად იცნობთ თქვენს ინდუსტრიას. თუ ივლით სავაჭრო გამოფენებზე, გაეცნობით ინდუსტრიის შესახებ პუბლიკაციებს და გექნებათ კონტაქტების ქსელი,
შეძლებთ ამ ინფორმაციის გამოყენებას თქვენს სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაანალიზებლად.
იპოვეთ საკუთარი ძლიერი მხარე და მასზე ფოკუსირდით. ამასთან ერთად, თქვენ უნდა მოძებნოთ სუსტი ადგილები თქვენს ინდუსტრიაში. იფიქრეთ იმაზე, თუ რომელი ძირითადი პრობლემებია გადასაწყვეტი, იფიქრეთ თქვენს კონკურენტებზე. შეგიძლიათ შექმნათ საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დაეხმარება სხვა კომპანიებს ამ პრობლემების გადაჭრაში.
არ მოუსმინოთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ გჭირდებათ „ექსპერტი“, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ოცნების ასრულებაში. ვერავინ შეძლებს თქვენი საქმის მართვას თქვენზე მეტი ზრუნვითა და ყურადღებით.
თითქმის 250 წლის წინ დაწერა ბენჯამინ ფრანკლინმა წიგნი სახელწოდებით – Poor Richard’s Almanack. წიგნი 100-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და დღესაც, რამდენიმე საუკუნის შემდეგაც, ფრანკლინის მრავალი შეხედულება სიმდიდრის დაგროვების შესახებ კვლავაც აქტუალურია და ბევრი ადამიანის მოტივატორი გამხდარა:

- თუ ხარ მდიდარი, იფიქრე შემოსავლის მიღებაზე, მაგრამ იფიქრე დაზოგვაზეც
- წარმატებული ადამიანები დროს გონივრულად იყენებენ
- უმჯობესია ვახშმის გარეშე დაძინება, ვიდრე ვალით გაღვიძება
- წარმატების მისაღწევად იღბალი გჭირდება. ამისათვის კი შეუპოვრობაა საჭირო. ამ პროცესში ისწავლით, რა არ მუშაობს და მანამ გააგრძელებთ ექსპერიმენტებს, სანამ შედეგს არ მიაღწევთ და საბოლოოდ იღბლიანიც ხდებით
- ილაპარაკეთ ცოტა და აკეთეთ ბევრი
- გირჩევთ, ჩამოწეროთ კვირის ყველა ხარჯი იმისთვის, თუ რისი შემცირება შეგიძლიათ. დაზოგილი თანხა კი შეინახეთ ანგარიშზე
- თუ ფულისთვის მუშაობთ, ძალაუფლება თქვენი დამსაქმებლის ხელშია. კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საკუთარი ბიზნესის დაწყება რისკის შემცველია, მაგრამ ბევრად უფრო მომგებიანია, რადგან საკუთარი თავის უფროსი თქვენ ხართ
- გააკეთეთ დღეს და არა ხვალ.