მუდმივად მზარდი სექტორი
TBC Capital-ის მიერ სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) კვლევა აჩვენებს, რომ 2022 წელს ამ სექტორის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, წლიური 37%-ით გაიზარდა და 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდა გაუთვალისწინებელი ფაქტორებით იყო გამოწვეული, კერძოდ, მოსახლეობის დანახარჯების მატებით, მაღალი ინფლაციით, ტურიზმის სწრაფი აღდგენითა და მიგრანტების დანახარჯებით.
მარკეტების მაღალი კონკურენცია
2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე უპირატესობა მცირე ფორმატის მაღაზიების გახსნას ენიჭებოდა.
კვლევა აჩვენებს, რომ დედაქალაქის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია საცალო სავაჭრო ობიექტებით, ხოლო რეგიონული ბაზარი საკმაოდ დაბალი პენეტრაციით (შეღწევადობა) ხასიათდება.
TBC Capital-ის მკვლევრების შეფასებით, ორგანიზებულ ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, ჯერ კიდევ არის გაფართოებისა და ახალი მოთამაშეების გამოჩენისა და ზრდის პოტენციალი.
ფართო რეგიონულ კომპანიებთან შედარებით, ქართული კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები საგრძნობლად დაბალია, რაც ძირითადად მძაფრი კონკურენტული გარემოთი აიხსნება.
კომპანიების წილი FMCG-ის ბაზარზე:
ნიკორა – 18.1%
ორი ნაბიჯი – 17.0%
სპარის სხვა ფრენჩაიზები (დეილი, სპარი) – 16.8%
კარფური – 15.0%
მაგნიტი – 10.8%
გუდვილი – 4.3%
აგროჰაბი – 4.1%
კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე მცირდება შედარებით მცირე ზომის კომპანიების წილი. 2022 წელს ისინი ბაზრის 13.8%-ს იკავებდნენ.
შედარებით მცირე კომპანიები:
ფრესკო – 3.1%
მემო/უნივერსამი – 3.0%
ზღაპარი – 3.0%
მადაგონი – 2.2%
ევროპროდუქტი – 1.3%
ექსპრეს ქსელი – 1.1%
სმარტი – 0.9%
სუპერმარკეტების ბაზრის პროგნოზი
TBC Capital-ის მკვლევრების პროგნოზით, 2023-2025 წლებში ბაზრის ეტაპობრივი დასტაბილურებაა მოსალოდნელი, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ წლიური 12%-იან ზრდაში გადაითარგმნება.
მოკლევადიან პერსპექტივაში ორგანიზებულ FMCG ბაზარზე მაღალი წლიური ზრდის ტემპებია მოსალოდნელი, რაც განპირობებული იქნება როგორც არსებული საცალო მოვაჭრეების გაფართოებით, ისე ახალი მოთამაშეების გამოჩენით.
დანახარჯების მოცულობის მიხედვით, ახალგაზრდა მომხმარებლების წილის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციის ზრდის პოტენციალისთვის.
გლობალური ტრენდების გათვალისწინებით, FMCG სექტორის სამომავლო გზა დაკავშირებულია გაციფრულებასა და ელ. კომერციის მეტ განვითარებაზე.