თხილის სახელმწიფო პროგრამის დეტალების განსახილველად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს. დარგის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად უნდა მოხდეს ქვეყანაში თხილის წარმოების ზრდა და საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის თქმით, თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე დაერიცხებათ ქულები – 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით. აგრეთვე, პროგრამის ფარგლებში მოხდება თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია.
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი შემცირდა, რის გამოც, მეთხილე ფერმერებმა, გარკვეულწილად, თხილის ბაღების მოვლის მოტივაცია დაკარგეს. ახალი პროგრამა იქნება სტიმული და ხელს შეუწყობს ფერმერების მოტივაციის ზრდას. თხილის მოვლის საშუალებების შეძენა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, სერტიფიცირებულ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის ინფორმაციით, სააგენტო ამოწმებს ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს. ხოლო მავნებლებისგან თხილის დასაცავად, წელსაც გაგრძელდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფეშვილის განცხადებით, გურიის რეგიონში მიმდინარეობს თხილის კადასტრის პროგრამა. სულ ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის, 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღია რეგისტრირებული. ხოლო ბაღების მფლობელების რაოდენობა, თანამესაკუთრეების ჩათვლით, 85 ათასზე მეტს შეადგენს.
შეხვედრას ესწრებოდნენ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, გადამამუშავებელი სექტორის, ჩამბარებელი პუნქტების წარმომადგენლები და ექსპორტიორები.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.